Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მორიგი წარმატება

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიღწევებს შეემატა კიდევ ერთი წარმატება, კერძოდ:  ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტთა საერთო პროექტი სახელწოდებით „საქართველოს შინამეურნეობებში  მცხოვრები  ბავშვების  ფუნქციონირებისა და საფუძვლიანი სწავლების უნარების  სტატისტიკური გამოკვლევა“ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის განხორციელებაში მონაწილე პირები არიან: ასოცირებული პროფესორი მარინა მუჩიაშვილი (სამეცნიერო ხელმძღვანელი), მოწვეული პედაგოგი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი მიქელაძე, კათედრის დოქტორანტი მარიამ ოქრუაშვილი და მაგისტრები ანა ვარამაშვილი და ნესტან ფანცულაია.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების ფუნქციონალური სირთულეების გამოვლენა, სწავლების უნარების შეფასება და ფუნქციური სირთულეების გავლენის დადგენა სწავლების უნარებზე. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სტატისტიკური გამოკვლევა შინამეურნეობების გამოკითხვის მეშვეობით. კერძოდ, წინასწარ შემუშავებული კითხვარებით მოხდება შინამეურნეობებში მცხოვრები დედებისა და ბავშვების გამოკითხვა, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნება ვაშინგტონ ჯგუფის (Washington Group on Disability Statistics) ფუნქციური სირთულეების შესახებ კითხვების მოკლე ვერსია, საფუძვლიანი სწავლების უნარების შეფასების გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) მეთოდოლოგია და ცხოვრების დონის მაჩვენებლების გაანგარიშების ევროსტატის მეთოდოლოგია.

 

პროექტის ერთ-ერთ მთავარ მოსალოდნელ მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის ინდიკატორის - SDG 4.5.1: პარიტეტის ინდექსების გაანგარიშება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში (საცხოვრებელი პირობების, ქალაქ/სოფლის, ფუნქციური სირთულეების, სქესის, ასაკისა და სხვ.).

 

პროექტის განხორციელების შედეგები წარმოადგენს არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ფართო საზოგადოების ინტერესის სფეროს.